თეგი: გივიკო აბდუშელიშვილი

გივიკო აბდუშელიშვილი: პატრიოტიზმი ასევე არის პროფესიონალიზმი, მთავარი, სწორი ღირებულების მხარეს ყოფნისთვის მუდმივი მზადყოფნაა

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. ამავე დროს, მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ წყვეტენ რუსეთთან საქმიან ურთიერთობებს. რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველომ უკვე გაიარა 2008 წელს და დღემდე მცოცავი ოკუპაციის პირობებში უწევს ცხოვრება. რომ აღარაფერი ვთქვათ, საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე, რომელიც დღემდე მიტაცებული აქვს რუსეთს. განსაკუთრებულია ახალგაზრდების აქტიურობა და პროტესტი რუსეთის მიმართ, უკრაინის დახმარების სურვილით გაერთიანებულები, სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, სხვადასხვა პლატფორმიდან თავიანთ პოზიციას ღიად აფიქსირებენ. გივიკო აბდუშელიშვილი ნიუ-იორკის ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობს. ის 16 წლისაა, მან გადაწყვიტა, თავის წვლილი შეეტანა რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოქალაქეების დახმარების საქმეში. ამრიგად, ქართველმა გივიკო აბდუშელიშვილმა და უკრაინელმა არსენ ნასიკოვსკიმ გადაწყვიტეს, შეექმნათ ვებგვერდი და გაეყიდათ საკუთარი ტანსაცმელი, შემოსული თანხა კი, უკრაინელებისთვის დახმარების ფონდში გადაერიცხათ. „ჩვენი მისია მარტივია - ჩვენ ვეხმარებით უკრაინას საკუთარი ტანსაცმლის გაყიდვით და მოგების შემოწირულობით. თითოეული ჩვენი ნივთი შეიცავს ჰეშთეგს (#). ჩვენ ვიყენებთ სოციალურ მედიას, რათა ხელი შევუწყოთ მშვიდობის გზავნილის გავრცელებას. ჩვენ ვსწავლობთ ნიუ-იორკის უმაღლეს სასწავლებელში და გამუდმებით განვიცდით წუხილსა და შიშს უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო. ამიტომაც დავიწყეთ ეს პროექტი. შეიძინეთ ჩვენი ტანსაცმელი და დაეხმარეთ უკრაინას", - ამბობს გივიკო თავის გზავნილში. მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გზავნილის და მშვიდობის მესიჯის გავრცელება რადგან, ეს საინფორმაციო ომიცაა. მათ მიერ გამოყენებული ჰეშთეგი კი იძლევა საშუალებას, უფრო ნახვადი და გავრცელებადი იყოს უკრაინის პრობლემის შესახებ. გივიკო აბდუშელიშვილმა ასევე ჩაწერა ვიდეომიმართვა, სადაც ის საუბრობს შექმნილ ვითარებაზე და ასევე სანქციების უფრო ეფექტიანად გატარების გზებზე. ,,მსოფლიოს მრავალმა ლიდერმა უკვე დააწესა დამატებითი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. თუმცა, როგორც ჩემი ტვიტერის გვერდზე აღვნიშნე, რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა შემოიღოს და დააკანონოს კრიპტოვალუტით გადახდის მეთოდები, რომელთა თვალყურის დევნება შეუძლებელია როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე ამერიკაში. ბ-მა ბორის ჯონსონმა, გაერთიანებული სამეფოს დიპლომატმა და წარმომადგენელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის გვერდით დგას, ამიტომ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა პრეზიდენტ პუტინს, სერგეი ლავროვს, 5 რუსულ ბანკს, პუტინის რეჟიმთან დაახლოებულ ასზე მეტ კომპანიასა და ოლიგარქს რუსეთსა და ბელორუსიაში. პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ აღნიშნა, და მე ჩემი ტვიტერის გვერდზე გამოვაქვეყნე, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ გზას. მათ სურთ ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის სხვა მსოფლიო ლიდერებიც იგივე პოზიციას უნდა იზიარებდნენ".   გივიკო აბდუშელიშვილი საქართველოში დიპლომატების ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა გივი აბდუშელიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი იყო უზბეკეთში და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი. გივიკოს მიზანია, მიიღოს ამერიკული განათლება და დაბრუნდეს საქართველოში. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მისი სურვილია, ქვეყანას თავის პროფესიით დაეხმაროს განვითარებასა და დასავლეთთან ინტეგრაციაში. ფიქრობს თუ არა დიპლომატობაზე? ამაზე ეღიმება. „ჯერ ადრეა საუბარი.. მთავარია, იყო კარგი მოქალაქე, კარგი პროფესიონალი სადაც ხარ და რაზეც მუშაობ, რადგან პროფესიონალიზმი პატრიოტიზმია. „წინ გრძელი გზაა სწავლის და რაც მთავარია მუდმივად უნდა გქონდეს მზადყოფნა სწორი ღირებულებების მხარეს ყოფნის“, - ამბობს გივიკო.